დიდი 10 | ბათუმი 10:10 აია

27.10.19

© გიორგი კაკაბაძე

 

დიდი 10-ის მიმდინარე სეზონის VI ტურის ცენტრალური მატჩი, რომელშიც ‘ბათუმი’ ქუთაისის ‘აიას’ მასპინძლობდა ფრედ 10:10 დასრულდა.

 

ზღვისპირელებისთვის ეს მეორე ფრედ დასრულებული შეხვედრაა და ორივე შემთხვევაში მათ ქულები სტუმრებს გაუყვეს. ‘აიასთვის’ საქართველოს მოქმედ ჩემპიონთან ფრედ თამაში დადებითი შედეგია, რადგან მოპოვებულმა 2-მა საცხრილო ქულამ, მათ პირველ საფეხურზე დაბრუნების საშუალება მისცა.

 

გუნდებს იაპონიიდან დაბრუნებული ბორჯღალოსნები დაუბრუნდნენ, რამაც განსაკუთრებით ‘ბათუმი’ გააძლიერა. თამაში დაძაბული გამოდგა და მაყურებელმა ლამაზი გარღვევები არაერთხელ იხილა. ანგარიშის გახსნის შანსი მასპინძლებს ჰქონდათ, თუმცა ჯარიმა გაუცუდდათ, მერე კი, სტუმრები ლამაზი ლელოთი დაწინაურდნენ.

 

ტაიმის შუაში მათ თავის 22-ში დანიშნული შერკინებიდან წამოიწყეს შეტევა. ხელდახელ თამაშით 90 მეტრი დაფარეს და გიორგი ბაბუნაშვილმა იერიში ლელოთი დაასრულა. ბაბუნაშვილის გარდასახვას მალევე ბექა ურჯუკაშვილმა ჯარიმით უპასუხა. მერე მას დარტყმა ცენტრიდან გაუცუდდა, ხოლო ზედ შესვენების წინ ბათუმელებმა ლელოზე თამაში ირჩიეს, უქულოდ დარჩნენ და ტაიმი 3:7 დათმეს.

 

მეორე ტაიმიც საინტერესო ბრძოლით განახლდა და 55-ე წუთზე ლელო გავიდა. ამჯერად ‘ბათუმმა’ შეუტია ხელდახელ მოედნის ცენტრიდან და ლელოში ბურთი ბექა მამრიკიშვილმა დაამიწა, ხოლო კობა ბუჯიაშვილმა გარდასახა. მომდევნო 10 წუთში ლელოს გატანის შანსი ორივეს ჰქონდა, მაგრამ ბათუმელებს ბურთი წინ დაუვარდათ, ქუთაისელებს კი ამაში ხელი ლაშა ხმალაძემ შეუშალა და სინბინით დაისაჯა, ხოლო ბაბუნაშვილმა ჯარიმით წონასწორობა აღადგინა - 10:10.

 

დარჩენილ დროში ანგარიშის შეცვლის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. ქუთაისელებს ერთი, ბათუმელებს კი ორი დარტყმა გაუცუდდათ და გუნდებმაც 2-2 ქულა გაიყვეს. შედეგად, ‘აია’ სატურნირო ცხრილში 21 ქულით დაწინაურდა, ხოლო ‘ბათუმი’ 18 ქულით მე-3 პოზიციაზეა.