7-ქალა | ‘ქართველი გოგონების’ დომინირებით

28.10.19

© გოგიტა ბუხაიძე

 

შაბათს „შევარდენის“ სანაკრებო ბაზამ 7-ქალა რაგბში საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა. მასში სამი ქართული და ამდენივე უცხოური გუნდი იღებდა მონაწილეობას - ორი ებრაული და ერთიც თურქული.

 

7-ქალას საერთაშორისო ტურნირი საქართველოში მესამედ გაიმართა. თუ აქამდე ჩვენს ქვეყანას ჯერ საბერძნეთის და მერე ისრაელის გუნდები სტუმრობდნენ, ამჯერად ისრაელი ორი გუნდით, ხოლო თურქეთი ერთი გუნდით გვეწვია.

 

 

საქართველოს ეროვნული 7-ქალას ბაზაზე შექმნილი გუნდი, 18-წლამდელთა ნაკრების ბაზაზე შექმნილი დასავლეთ საქართველოს ნაკრები და აღმოსავლეთ საქართველოს ნაკრები წარმოადგენდა, რომლის შემადგენლობაშიც უმთავრესად თბილისის ‘ლოკომოტივის’ მორაგბეები თამაშობდნენ.

 

ზაფხულის ოფიციალური ტურნირების შემდეგ, გოგონებმა ვარჯიში ახლახანს განაახლეს, ნაკრების მწვრთნელებს ახალი კანდიდატების საქმეში ხილვა სურდათ და გუნდებიც შეძლებისდაგვარად დაბალანსებულად დაკომლექტდნენ.

 

 

პირველ რაუნდში ისრაელის პირველმა გუნდმა სტამბოლის ‘კადაკოი’ 36:0 დაამარცხა, ‘ქართველმა გოგონებმა’ აღმოსავლეთ საქართველოს 27:0 მოუგეს, ხოლო დასავლეთ საქართველომ ისრაელის მეორე გუნდს სამი უპასუხო ლელო გაუტანა - 15:0.
 

 

მეორე რაუნდში ‘კადაკოიმ’ დასავლეთ საქართველოს გუნდს ორის წილ 4 ლელო გაუტანა და 24:12 სძლია, 7-ქალა ნაკრების ბაზაზე შექმნილმა გუნდმა ისრაელს ერთი ლელოთი მოუგო - 12:7, აღმოსავლეთ საქართველომ კი ისრაელის მეორე გუნდს 19:0 აჯობა.

 

 

მესამე რაუნდში დასავლეთ საქართველომ ისრაელს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და ორი ლელო გაუტანა, მაგრამ თავად ერთით მეტი გაუშვა - 10:15. ერთი გარდასახული ლელოთი, 17:10 აჯობა აღმოსავლეთ საქართველომ ისრაელის მეორე გუნდს, ხოლო ‘ქართველმა გოგონებმა’ მესამე თამაშიც მოიგეს - 29:0 თურქებთან.

 

 

„წლევანდელი ტურნირი ყველაზე საინტერესო გამოდგა, რადგან წინა ორი შემთხვევისგან განსხვავებით, ორი ქვეყნის სამი უცხოური გუნდი ჩამოვიდა. ისინი ჩვენი მასპინძლობით კმაყოფილები დარჩნენ და ტურნირიც კარგი გამოვიდა. მოხარული ვარ, რომ სამივე თამაშის მოგება მოვახერხეთ, მით უმეტეს, რომ ზაფხულის შემდეგ არ გვითამაშია და მონატრებულები ვიყავით. ჩვენი განვითარებისთვის მსგავსი ტურნირები მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით კარგია, როდესაც საქართველოში, ჩვენი ოჯახის წევრების, მეგობრების და გულშემატკივრების წინაშე გვიწევს თამაში“ - განაცხადა საქართველოს 7-ქალა ნაკრების წევრმა თიკა სიხარულიძემ.