დიდი 10 | ყოჩები 24:24 ლელო-სარასენსი

28.10.19

© ანი რეხვიაშვილი

 

ბოლნისის ‘ყოჩებმა’ და თბილისის ‘ლელო-სარასენსმა’ „რაგბი პლატოზე“ შეკრებილი მაყურებელი ლაღი, სწრაფი, ხელდახელ ბურთაობით და რვა ლელოთი ასიამოვნა, მაგრამ თამაშმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა და დიდი 10-ის მე-6 ტურში მეორე, ხოლო მიმდინარე გათამაშებაში მეოთხე ფრე დაფიქსირდა.

 

საგულისხმოა, რომ ბოლნისელებმა ექვსი მატჩიდან ფრედ ორი დაასრულეს. გუშინ ისინი გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ და მეტოქე წინ ერთხელაც არ გაუშვიათ, მაგრამ ვერც უპირატესობა შეინარჩუნეს.

 

ნეიტრალური გულშემატკივრისთვის კი მნიშვნელოვანია, რომ თამაში იყო დინამიური და სანახაობრივი. ორივე გუნდი მაღალ ტემპში, ხელდახელ ცდილობდა თამაშს და იყო ლამაზი ხაზის გაჭრები და ბოჭვები, რაც მაყურებელს ყოველთვის ხიბლავს.

 

თამაში ‘ყოჩების’ დომინირებით დაიწყო და მე-4 წუთზე ანგარიში გაიხსნა. ბოლნისელებმა მორკინალებით შეუტიეს და წინ წაიწიეს, რაქიდან გამოსული სწრაფი ბურთი გიორგი ტყეშელიაძემ მიიღო, მბოჭავი ჩამოიცილა და ლელოს მიწვდა, საბა ხურცილავამ კი გარდასახა.

 

 

‘ლელო-სარასენსმა’ მე-15 წუთზე უპასუხა. ყველა ელოდა, რომ კარის წინ 40 მეტრიდან მერაბ კვირიკაშვილი ჯარიმას აუტში გადაიტანდა, მაგრამ მან შენიშნა, რომ დაცვა არასწორედ იდგა, ბურთი სწრაფად გაათამაშა და ფეხით გადაკიდა, მას სოსო მათიაშვილი მიყვა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, ხოლო ირაკლი ყიასაშვილმა წონასწორობა აღადგინა.

 

ბოლნისელებმა ლიდერობა 4 წუთში დაიბრუნეს. მათ ჯერ შეტევაში დაკარგეს ბურთი, მაგრამ კონტრშეტევის დაწყებისას ‘ლელო-სარასენსიც’ შეცდა, ბურთი გიგა კორკელიამ აიტაცა და ორ მცველთან ჭიდილში ლელოში შევიდა, ხოლო ხურცილავამ გარდასახა. გავიდა კიდევ ოთხი წუთი და ლელოელებმა ბურთი უკვე მოედნის ცენტრში დაკარგეს, ის გიორგი წიკლაურმა აიტაცა და ლელომდე ირბინა. ამჯერად გარდასახვა არაზუსტი იყო - 19:7.

 

‘ლელო-სარასენსმა’ შესვენებამდე მოახერხა 12-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა. 28-ე წუთზე დავით ხიდეშელი სინბინით დაისაჯა და რიცხობრივი უპირატესობა თბილისელებმა კარგად გამოიყენეს. ერთ წუთში სტუმრებმა 5-მეტრიან დერეფანში ბურთი კარგად ვერ ააგდეს, მაგრამ ის გიორგი მარგალიტაძეს ჩაუვარდა ხელში და ხაზი მაღალ სიჩაქარეში გაჭრა, ხოლო ყიასაშვილმა გარდასახა. 34-ე წუთზე ‘ლელო-სარასენსმა’ მარცხენა ფრთაზე ბოლომდე, სწრაფად ჩაათამაშა ბურთი და რამაზ ნიქაბაძე ლელოში შეიჭრა. გარდასახვა ამჯერად მიზანს ასცდა. შესვენების წინ ‘ყოჩებს’ კიდევ ერთხელ ჰქონდა დაწინაურების შანსი, მაგრამ ხურცილავამ გასატანი პოზიციიდან ჯარიმა ვერ გაიტანა და ტაიმი 19:19 დასრულდა.

 

მეორე ტაიმის დასაწყისში ‘ყოჩებმა’ დერეფნის შემდეგ მორკინალებით, მოკლე დარტყმებით შეუტია და მიხეილ არჩუაშვილმა მერვე ფაზაზე ლელო გაიტანა. გარდასახვა კვლავ არაზუსტი იყო. თამაში მაღალ ტემპში, ორმხრივ იერიშებში გაგრძელდა და ანგარიში 68-ე წუთზე გათანაბრდა. ‘ლელო-სარასენსის’ კარგი შეტევა ‘ყოჩებმა’ წესების დაცვით შეაჩერა, უპირატესობაზე ბურთი აკაკი ტაბუცაძემ აიტაცა, დაცვას შემოურბინა და ლელო მარჯვენა ალამთან გაიტანა. ყიასაშვილს შეეძლო თავისი გუნდი მატჩში პირველად დაეწინაურებინა, მაგრამ გარდასახვა ვერ გაიტანა.

 

ამრიგად, მატჩი ფრედ 24:24 დასრულდა გუნდებმა 2-2 ქულა გაიყვეს. შედეგად, ‘ლელო-სარასენსი’ 14 ქულით მე-5, ხოლო ‘ყოჩები’ 9 ქულით ბოლო ადგილზეა.