დიდი 10 | იუნკერები 15:18 არმაზი

29.10.19

© ანი ბერთლანი

 

‘იუნკერებთან’ მატჩის ბოლო წუთზე მარნეულის ‘არმაზმა’ გასატან პოზიციაზე ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა, გივი ცინცაძემ ის 3 ქულად გარდასახა და საკუთარ გუნდს 18:15 მოაგებინა.

 

შანსი იმისა, რომ დიდი 10-ის მეექვსე ტურის ზედიზედ მესამე მატჩი ფრედ დასრულებულიყო ძალიან დიდი იყო. მასპინძლებმა პირველ ტაიმში 12-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს და ანგარიშის გათანაბრების შემდეგ, კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ, მაგრამ ბოლოს დისციპლინამ დააღალატა.

 

‘არმაზს’ პირველ ტაიმში სამი სალელოვე შეტევა ჰქონდა, მაგრამ უქულოდ დარჩა, დებიუტანტმა კი ორჯერ გაიხარა. ტაიმის შუაში ‘იუნკერების’ კარგი, თანმიმდევრული შეტევა ლელოთი გიორგი ჟღენტმა დაასრულა, 34-ე წუთზე კი, ვახტანგ კავთიძე მოკლე მანძილზე რამდენიმე მცველს დაუსხლტა და ლელოს მიწვდა. დიტო კიკნაძემ მეორე ლელო გარდასახა - 12:0.

 

მეორე ტაიმი 10 წუთის დაწყებული იყო, როდესაც ‘არმაზის’ სწრაფი, ხელდახელ შეტევები ქულებში პირველად აისახა. ნიკა გიგაურმა ხაზი გაჭრა და ბურთი ლუკა მატკავას გაატანა, მან კი ლელოში ლუკა დვალიშვილი შეუშვა. რამდენიმე წუთში მარნეულელთა ხაზმა მეორე ლელო შექმნა. მთავარი შემოქმედი აქაც მატკავა იყო, რომელმაც მცველი ცრუმოძრაობაზე დაიჭირა, ხაზი გაჭრა და შებოჭულმა ოფლოუდი ცინცაძეს გაუხერხა, რომლის ლელოს მისივე გარდასახვა მოყვა.

 

კავთიძემ 64-ე წუთზე გატანილი ჯარიმით ‘იუნკერებს’ ლიდერობა დაუბრუნა. ცინცაძეს პასუხის გაცემა მალევე შეეძლო, თუმცა გასატანი პოზიციიდან მიზანმა უმტყუნა. მაგრამ მალევე მღელვარებას სძლია, თითქმის იმავე პოზიციებიდან ჯარიმები 72-ე და ბოლო წუთებზე გაიტანა და ‘არმაზს’ 18:15 მოაგებინა.

 

ამ მოგების შემდეგ, მარნეულელები 11 ქულით მე-7 ადგილამდე აღზევდნენ. ‘იუნკერები’ მიღებული ბონუსით ‘ყოჩებს’ გაუტოლდა და ცხრილში დამატებითი მაჩვენებლებით დაწინაურდა.