დიდი 10 | ლელო-სარასენსი 14:13 აკადემია

01.11.19

© ანი ბერთლანი

 

დედაქალაქურ დერბიში ‘ლელო-სარასენსმა’ ‘აკადემიას’ მინიმალური სხვაობით, 14:13 სძლია და სატურნირო ცხრილში მეტოქეს გაუტოლდა.

 

დიდი 10-ის მე-7 ტური დიდ დიღომში, ახლო ჯახით გაიხსნა. ანგარიში სტუმრებმა დავით მოძღვრიშვილის შორეული ჯარიმით გახსნეს. ‘აკადემია’ შერკინებაში დიდ უპირატესობას ფლობდა, რასაც 24-ე წუთზე ‘ლელო-სარასენსის’ ბურჯის, ნიკა კაპანაძის სინბინი მოყვა, 28-ე წუთზე კი მოძღვრიშვილმა ანგარიში 6:0 გახადა.

 

კაცნაკლულმა მასპინძლებმა ორ წუთში უპასუხეს - მერაბ კვირიკაშვილმა ცენტრში ხაზი გაჭრა, მარჯვნივ აკაკი ტაბუცაძე მოძებნა, რომელიც სისწრაფეში მბოჭავს გაექცა და ლელო გაიტანა. ირაკლი ყიასაშვილს გარდასახვა გაუცუდდა, თუმცა ტაიმის ბოლოს ჯარიმა გაიტანა და თავისიანები 8:6 დააწინაურა.

 

მეორე ტაიმის პირველ 20 წუთში, ყიასაშვილმა გასატანი პოზიციიდან კიდევ სამი ჯარიმა შეასრულა და პირველი ორი გაიტანა. ‘აკადემიამ’ 66-ე წუთზე ლელო-გარდასახვის გაქვითვა მოახერხა. მათ დერეფნიდან მოლი დააყენეს, რომელმაც დაახლოებით 8 მეტრი იარა და ბურთი გელა მახარაშვილმა დაამიწა, მოძღვრიშვილმა კი გარდასახა.

 

უნდა აღინიშნოს, რომ დარჩენილი დრო ‘ლელო-სარასენსის’ შეტევებში გაილია, მაგრამ მათ ქულა ვერ აიღეს და ბონუსი ‘აკადემიასაც’ შეხვდა - 14:13.