დიდი 10 | აია 12:12 ყოჩები

04.11.19

© დავით სინატაშვილი

 

ქუთაისის ‘აიამ’ და ბოლნისის ‘ყოჩებმა’ დიდი 10-ის მეორე მატჩი დაასრულეს ფრედ. ერთი კვირის წინ ‘ბათუმსა’ და ‘ლელო-სარასენსთან’ დაზავების შემდეგ, ამჯერად გუნდებმა ქულები ერთმანეთში გაიყვეს - 12:12.

 

ქუთაისში თამაში მასპინძელთა შეტევებით დაიწყო, რასაც მე-10 წუთზე ლელო მოყვა: გიორგი აბრამიძე ფრთაზე მბოჭავს გაექცა, გიორგი ბაბუნაშვილმა გარდასახა. ამის შემდეგ ინიციატივას ‘ყოჩები’ დაეუფლა, საბა ხურცილავამ ორი ჯარიმა გაიტანა და სხვაობა მინიმუმამდე დავიდა.

 

ტაიმის დასკვნით წუთებში ‘აიას’ შერკინებამ დიდი უპირატესობა მოიპოვა, 5-მეტრიანი ზონიდან თორნიკე აქუბარდიამ მოკლე ფრთაზე შეუტია, ლელო გაიტანა და ანგარიში 12:6 გახადა.

 

მეორე ტაიმის უმეტესმა დრომ ბრძოლაში ჩაიარა. 63-ე და 68-ე წუთებზე ბოლნისელებმა ჯარიმები გამოიმუშავეს, რომლებიც 6 ქულად თემურ სოხაძემ გარდასახა და ანგარიში გათანაბრდა. სოხაძეს საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წუთით ადრეც მიეცა შანსი, მაგრამ მიზანმა უმტყუნა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

 

‘აიამ’ რუსთავის ‘ხარებს’ ვერ გაასწრო, მას 1 ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა. ‘ყოჩებმა’ შვიდიდან მესამე მატჩი დაასრულა ფრედ, ჯამში 11 ქულა აქვს და მე-7 პოზიციამდე აღზევდა.