დიდი 10 | ჯიქი 23:18 იუნკერები

04.11.19

© გოგიტა ბუხაიძე

 

დიდი 10-ის დებიუტანტმა ‘იუნკერებმა’, გორში ‘ჯიქთან’ 14-ქულიანი ჩამორჩენა დასკვნით 20 წუთში 5-მდე შეამცირა და მეექვსე წაგებულ შეხვედრაშიც მოახერხა ბონუსის აღება.

 

„ჭალის“ სტადიონზე გორელებმა მეტოქე 23:18 დაამარცხეს და მოწინავე ექვსეულში 17 ქულით გამაგრდნენ. ‘იუნკერებს’ მხოლოდ ერთი მოგება აქვს, თუმცა ჯამში 10 ქულას მოუყარა თავი და მართალია ბოლო ადგილზეა, მაგრამ მე-7 პოზიციას მხოლოდ ქულა აშორებს.

 

ანგარიში მასპინძლებმა 37-ე წამზე გახსნეს. მსაჯმა მატჩის დაწყების ნიშანი რომ მისცა, თორნიკე კიკნაძემ ცენტრიდან მეტოქის 5-მეტრიან წყვეტილამდე იარა და გზად რამდენიმე მცველი ჩამოიშორა, ორი ფაზის შემდეგ კი ლელო ლაშა საჯაიამ გაიტანა, ხოლო რეზი ჯინჭველაშვილმა გარდასახა.

 

თამაში მაღალ ტემპში გაგრძელდა და კარგი საყურებელი გამოდგა. შესვენებამდე რამაზ ხარაზიშვილმა ორი, ხოლო ჯინჭველაშვილმა ერთი ჯარიმა გაიტანა და ტაიმი 10:6 დასრულდა.

 

მეორე ტაიმის საწყის 15 წუთში მასპინძლებმა მონაგარს კიდევ 10 ქულა შემატეს. ჯინჭველაშვილმა ჯერ ჯარიმა გაიტანა, 53-ე წუთზე კი თორნიკე კიკნაძემ ერთხელაც გაიბრწყინა. მან 22-ის ხაზთან დანიშნული შერკინებიდან შეუტია, მბოჭავები ჩამოიცილა და მისი ლელო ჯინჭველაშვილმა გარდასახა - 20:6.

 

64-ე წუთზე ‘იუნკერებმა’ ლამაზი ლელო გაიტანა. მათ შეტევა თავისი ნახევრიდან დაიწყეს და დაახლოებით 70 მეტრი ხელდახელ ბურთაობით და ოფლოუდებით გაიარეს. ბექა სამსიანმა ცენტრალური ხაზი გადაკვეთა, გიორგი კურტანიძემ 22-ის სიღრმეში შეაღწია, ლელო კი გრძელი პასის შემდეგ გიორგი მჭედლიშვილმა ალამთან გაიტანა. ხარაზიშვილს გარდასახვა გაუცუდდა, ხოლო 3 წუთში ჯინჭველაშვილმა ჯარიმა გაიტანა და უპირატესობა 12 ქულამდე გაზარდა.

 

დასკვნითმა წუთებმა ‘იუნკერების’ შეტევებში ჩაიარა. რასაც ‘ჯიქის’ ორი მორაგბე სინბინით შეეწირა. 14-კაციანმა სტუმრებმა, 12-კაციან მასპინძლებს მოლით შეუტიეს და ზერო პეტრიაშვილის ლელო ხარაზიშვილმა გარდასახა. მათ მატჩის მოსაგებად რამდენიმე წუთი ჰქონდათ, მაგრამ ‘ჯიქმა’ თავი დაიცვა, 23:18 იმარჯვა და სეზონის მეოთხე გამარჯვება იზეიმა.