ჭაბუკთა „ა“ ლიგა | ‘აია’ ლიდერობას ინარჩუნებს

05.11.19

© გიორგი ჩხიკვიშვილი

 

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის ‘ოქროს’ ჯგუფის მეორე წრე ქუთაისში, ‘აიასა’ და მარნეულის ‘არმაზის’ დაპირისპირებით დაიწყო. ქვემო ქართლელებმა მედგარი წინააღმდეგობა ფავორიტს პირველ ტაიმში გაუწიეს და რიონისპირელები მხოლოდ მინიმალურ უპირატესობას დააჯერეს. ‘აიას’ მხრიდან, გიორგი პატარიძისა და პაატა გალდავას ლელოთა წილ, ‘არმაზის’ ქუთაისელმა ფულბეკმა ბაკურ კუხალაშვილმა თანაქალაქელებს 3 ჯარიმა გაუტანა და დათო კიკნაძის ბიჭებმა ტაიმი  9:10 დათმეს.

 

მეორე ნახევარში გაგა გურეშიძის შეგირდებმა ტემპს უმატეს, მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს და მონაგარს 4 უპასუხო ლელოც წაუმატეს. თავი ფრთა უჩა შარვაშიძემ, ჰუქერმა გიორგი ღლონტმა, შუამარბმა გივი ლეჟავამ და მარბიელმა ირაკლი გაბისონიამ გამოიჩინეს. ‘აიამ’ მატჩი დაგეგმილი პრემიით  36:9  მოიგო და 36 ქულით სატურნირო ცხრილში ერთპიროვნული ლიდერობაც შეინარჩუნა. ‘არმაზი’ კი სეზონში მეოთხე მარცხის მიუხედავად, პლეი ოფის ზონაში მეხუთე ადგილს მყარად ინარჩუნებს.

 

რუსთავში, ბრინჯაოსმედალოსანი ‘ხარებისა’ და ‘ლოკომოტივი ხულიგანას’ პირველი ტაიმი უფერული, დუნე თამაშითა და რაგბისთვის უჩვეულო ნულოვანი ფრით აღინიშნა. მორიგი პრემიალური ქულის გარეშე დარჩენის საშიშროებამ ქვემო ქართლელები მხოლოდ მეორე ნახევარში გამოაფხიზლა. თემურ ლობჟანიძის შეგირდები სრული დატვირთვით ათამაშდნენ და შედეგად 4 ლელოს გატანაც მოახერხეს. ‘ხარებს’ პირველი ქულები მეორე ხაზელ ვახტანგ შუბითიძის ლელომ მოუტანა, რასაც ფრთა საბა ონიანისა და ბურჯ ილია გოგოლაშვილის კიდევ  2 ლელო წაემატა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია რუსთაველთა ჰავბეკის იაგო მარსაგიშვილის კარგი თამაში. 17 წლის ნიჭიერმა მოხევემ ფინტების კასკადი დაატრიალა და მეტად ეფექტური ლელოს გატანაც მოახერხა. მატჩის მიწურულს, ‘რკინიგზელთა’ ფრთა შოთა კოკილაშვილის ლელომ, გია კურატაშვილისა და გიორგი ბერიაშვილის გუნდი მხოლოდ ‘მშრალი’ ანგარიშით მარცხისაგან იხსნა  26:5. ‘ხარებმა’ პრემიით მოგებით, 27 ქულა დააგროვეს და მოწინავე სამეულში პოზიცია გაიმყარეს.

 

‘ხვამლი’ რეგულარულ სეზონში შემადგენლობის როტაციის პრინციპს არ ღალატობს. ამჯერად ‘ხვამლი’ მუხიანში, ქუთაისის ‘არესს’ საბრძოლო შემადგენლობით დაუპირისპირდა და იოლი გამარჯვებაც მოიპოვა  55:7.

 

‘ხვამლის’ დამრიგებელმა რატი ურუშაძემ აქცენტი გაშლილ,სწრაფ დინამიურ თამაშსზე გააკეთა და  9 გატანილი ლელოდან, უმეტესობა კომბინაციური და სანახაობრივი გამოდგა. მუხიანელთა ფრთა საბა ინალიშვილმა ‘დუბლი’ მიითვალა. მასპინძელთა რიგებში გამორჩეული მოთამაშე კი ახალწვეული ფრთა ვლადისლავ ცვიკი გახლდათ. უკრაინელი ჭაბუკი მოედანზე სხარტი აზროვნებითა და კარგი სისწრაფით გამოირჩა. ცვიკმა პირველ ტაიმში გატანილ ლელოს, მატჩის მიწურულს კიდევ 2 წაუმატა და ფასეული ‘ჰეთ-თრიკითა’ და კარგი თამაშით სარაგბო საზოგადოების ყურადღებაც მიიპყრო. მოუცლელობის გამო ნიკა სირაძის არყოფნაში, ‘არესს’ ზურა შავგულიძემ უთავკაცა და კლასსა და ანგარიშში არსებული საგრძნობი სხვაობის მიუხედავად შეგირდებს ბრძოლის ჟინი ბოლომდე შეუნარჩუნა.  ბურჯ ჯემალ კვანტალიანის ლელოთი რიონისპირელებმა ‘მშრალი’ ანგარიშით მარცხს თავი დააღწიეს. სეზონში მეექვსე მარცხის მიუხედავად, ‘არესი’ პლეი ოფის ზონაში ადგილს ინარჩუნებს. ‘ხვამლმა’ კი  25 საცხრილო ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე მყოფ ‘ხარებს’ კვლავ  2 ქულით ჩამორჩება.

 

ჩემპიონ ‘ლელოს’, უქულოდ, ბოლოადგილზე მყოფ ‘აკადემიასთან’ გამარჯვება პრემიალური ქულით უბრძოლველად მიეკუთვნა. პაატა მაისურაძის შეგირდები პირველობის ლიდერ ‘აიას’ ცხრილში კვლავ 1 ქულით ჩამორჩებიან. ‘მხატვრებს’ სათამაშოდ მხოლოდ 8 მორაგბე გამოუცხადდათ, რის გამოც ‘აკადემიას’ სტაფმა შეხვედრაში მონაწილეობაზე იძულებითი უარი განაცხადა. გიორგი ნებულიშვილმა და პაატა ნარიმანაშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილებით  მეტოქისა და ქომაგის მიმართ სარაგბო ღირსება დაიცვეს და თან უთანასწორო ბრძოლაში მოსალოდნელი ტრავმების გამო, თავის მცირერიცხოვან მორაგბეთა ჯანმრთელობასაც გაუფრთხილდნენ.

 

მიუხედავად იმისა, რომ  რაგბის კლუბ აკადემიას’ პრეზიდენტი გია ღლონტი, ვინაც ამავდროულად სრკ-ს რაგბის გავრცელების დირექტორის პოსტს იკავებს, ჭაბუკი მორაგბეების აღზრდას დიდ ყურადღებას უთმობს და მათ განვითარებას კლუბის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად მიიჩნევს, ბოლო ხანს გარემოებათა მთელმა ‘ჯაჭვმა’ უმცროსი მხატვრების დაოსტატების პროცესი გვარიანად შეაფერხა. 5 ჭაბუკი გასულ უქმეებზე ‘აკადემიას’ დიდ გუნდში იქნა გამოძახებული და მათგან 4-მა დიდი 10-ის ჩემპიონატში ‘ლელოს’ წინააღმდეგ ითამაშა კიდეც. ‘აკადემიას’ 4 ჭაბუკ მორაგბეს სავალდებულო სამხედრო სამსახურმა უწია. 5 მოთამაშე გადატვირთული სასწავლო პროცესის გამო, თამაშსა და აკადემიურ მოსწრებას ერთმანეთს ვერ უთავსებს. გარდა ამისა, ჭაბუკი მხატვრების’ 2 მორაგბე ტრავმის გამო ვერ ახერხებს მოედანზე გასვლას. ‘აკადემიას’ ჭაბუკთა კოლექტივის თავკაცობამ შექმნილ ვითარებაში დეტალურად გარკვევის მიზნით საგანგებო კრება დანიშნა. ბორჯღალოსანთა ექს-დამრიგებელი პაატა ნარიმანაშვილი და ახალგაზრდა ენერგიული სპეციალისტი გიორგი ნებულიშვილი არსებული პრობლემების ლოკალურად გადაჭრას უმოკლესს პერიოდში ეცდებიან...