17წ | „თბილისის მერიის თასი 2019“ 7-კაცა რაგბში

08.11.19

 

9-10 ნოემბერს მუხიანის სარაგბო ბაზაზე, 17-წლამდე (2002-2003 წლებში დაბადებულები) მორაგბეთა შორის თბილისის ღია პირველობა (7-კაცა რაგბში) - „თბილისის მერიის თასი 2019“ გაიმართება.

 

ტურნირში მონაწილოებას საქართველოს 12 საუკეთესო გუნდი მიიღებს. ისინი სამ ოთხგუნდა ჯგუფში განაწილდნენ და პირველი დღე ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს დაეთმობა. თითოეული ჯგუფის ორ-ორი მოწინავე და ორიც საუკეთესო მესამეადგილოსანი (ჯამში 8 გუნდი), 10 ნოემბერს ფლეი ოფების სისტემით (მეოთხედფინალები, ნახევარფინალები და ფინალები) პირველი-მერვე ადგილებისთვის იბრძოლებენ, ხოლო დანარჩენები 9-12 ადგილებს გაითამაშებენ.

 

რეიტინგის მიხედვით „ა“ ჯგუფში ‘ლელო-სარასენსი’, ‘ზუგდიდი’, ‘არმაზი’ და ბათუმი U16 მოხვდნენ; „ბ“ ჯგუფში ‘ხვამლი, ‘აკადემია’, ‘ჯიქი’ და შევარდენის რაგბის აკადემია ითამაშებენ, ხოლო „გ“ ჯგუფში ‘ხარები’, ‘ლოკომოტივი’, ‘ბათუმი’ და ‘ყოჩები’ განაწილდნენ.

 

მნიშვნელოვანია, რომ თამაშები ბუნებრივსაფარიან მოედანზე გაიმართება და ისინი ორივე დღეს 11 საათიდან დაიწყება, კვირას კი ფინალი 18 საათზეა ჩანიშნული.

 

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა 7-კაცა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან ობოლაძე ამბობს, რომ მსგავსი ტურნირები ნაკრების დაკომპლექტებისთვის და 7-კაცა რაგბის პოპულარიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია:

 

„დიდი მადლობა თბილისის მერიას, რომელიც მესამე წელია მხარში გვიდგას. ეს იქნება პირველი სასელექციო ტურნირი 18-წლამდელთა ნაკრებისთვის, რომელიც გაისად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. გვექნება სხვა ტურნირებიც რეგიონებში, რათა ყურადღების მიღმა არავინ დაგვრჩეს. პარალელურად, ნაკრების კანდიდატებს ექნებათ 7-კაცა რაგბის თამაშის მუდმივი პრაქტიკა, რაც მათ ევროპის ჩემპიონატზე ადაპტირებას გაუიოლებს“.